ნიკოლოზ ორბელიანი, მროველი ეპისკოპოსი, ახლო ნათესავი ვახტანგ VI-ისა და უმცროსი ძმა სულხან-საბა ორბელიანისა; ბერობაში დაუწერია ქართველი წმინდანების „ტროპარნი“, „კონდაკი“ და სხვა საეკლესიო წიგნები. 1715 წ. მროველობა მიუღია, მალე თბილისის მიტროპოლიტად დაუწინაურებიათ, ვახტანგ VI-ს კი იმხანად ახლად დაარსებულ თბილისის სტამბაში მიუწვევია სამუშაოდ. პირველი წიგნი, რომელიც ნიკოლოზის რედაქტორობით დაიბეჭდა, იყო „სახარება“. სტამბაში მუშაობისას თავისი ინიციატივით შეუდგენია და წიგნებისათვის დაურთავს სამეცნიერო აპარატი – საძიებლები. მის კალამს ეკუთვნის წმ. აბო თბილელის, ევსტატი მცხეთელის, არჩილისა და ლუარსაბისადმი მიძღვნილი საგალობლები, ასევე – მოკლე იამბიკოები ქართველი წმინდანებისა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]