წმ. ნინო, მოციქულთასწორი // ნინო განმანათლებელი, ქრისტიანობის მქადაგებელი და გამაქრისტიანთა ოჯახში. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს, სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა მას მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში ქრისტიანობის საქადაგებლად. ღვთისმშობელმა ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი გადასცა. გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, აღმოაჩნდა ხელში ჯვარი, რომელიც თავისი თმით შეკრა. იერუსალიმიდან რომში ჩავიდა, ხოლო იქიდან მის მიერ ქრისტეს რჯულზე მოქცეულ რიფსიმესთან, გაიანესთან და სხვა ქალწულებთან ერთად სომხეთისკენ გაეშურა, სადაც რიფსიმე და სხვა ქალწულები სომხეთის წარმართმა მეფემ თრდატმა დააპატიმრა და აწამა. ქალწული ნინო ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა. ქართლის დედაქალაქ მცხეთაში მას დახვდა კერპთაყვანისმცემლობა. წმ. ნინო სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა. დღედაღამ ლოცულობდა, ქადაგებდა და ასწავლიდა სახარებას, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და დავრდომილებს. ერთხელ მძიმედ დაავადდა მეფე მირიანის მეუღლე, დედოფალი ნანა. მსახურებმა წმ. ნინოს სთხოვეს დახმარება. მან დედოფალი თავისთან მოიწვია, ილოცა მისთვის, ჯვარი გადასახა და განკურნა. დედოფალმა იწამა ქრისტე. რამდენიმე თვის შემდეგ თავად მეფე მირიანს დაუბნელდა თვალთ ნადირობის დროს თხოთის მთაზე. ამ დროს წმ. ნინოს ღმერთს შეავედრა თავი და დაუბრუნდა თვალის სინათლე. ამის შემდეგ მირიანმაც აღიარა ქრისტე და განიზრახა ქვეყნის გაქრისტიანება. წმ. ნინოს რჩევით, მან ქრისტიანული ტაძარი ააგო იქ, სადაც უფლის კვართი იყო დამარხული. წმ. ნინო ქართლის სხვა ადგილებშიც ქადაგებდა. ბოლოს, დასნეულდა და დაბა ბოდინში (ბოდბე) მიაბარა სული ღმერთს. იქვე დაკრძალეს. შემდგომ მის საფლავზე მეფე მირიანმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.