| | |
ქართლის უძველეს ქრონიკასთან ერთად, შესულია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“. თხზულება გადმოგვცემს ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს, ცხოვრებასა და IV ს. ქართლის გაქრისტიანების ამბავს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ დიდხანს ცნობილი იყო ორი რედაქციით: შატბერდულითა (X ს.) და ჭელიშურით (XIV – XV სს.). ამათ დაემატა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მიკვლეული ორი ყველაზე ძველი რედაქცია (X ს.). ცნობებს ქართლში წმ. ნინოს მოციქულებრივი მოღვაწეობის შესახებ პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს ბერძნული და სომხური წყაროები. ყველაზე ადრეულ წყაროდ მიჩნეულია გელასი კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ (IV ს. დასასრ.), რომლიდანაც უსარგებლიათ V ს. სხვა ბიზანტიელ ატორებს: რუფინუსს (ლათინურ ენაზე), თეოდორიტე კვირელს, სოკრატეს, სოზომენეს, გელასი კვიზიკელს. გელასი კესარიელის ტექსტიდან ამ ავტორებთან მეორდება რამდენიმე მოტივი, რომლებიც აახლოებს მათ ქართულ წყაროსთან. ქართველთა გაქრისტიანების ამბავი მსგავსი მოტივებით დაცულია სომეხი ავტორის, მოვსეს ხორენაცის, თხზულებაშიც. კვლევის თანამედროვე ეტაპზე წმ. ნინოს მოციქულეობრივი მოღვაწეობის შესახებ არსებული ქართული და უცხოური წყაროების შეჯერებამ თვით „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციული რაობის, შინაარსობრივი პლასტებისა და სტრუქტურული თავისებურებების კვლევამ, საერთოდ, მოხსნა საკითხი ძეგლის IX ს. შექმნის შესახებ. მკვლევართა ნაწილი მის ზოგიერთ პლასტს მოვლენის თანადროულად (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი) მიიჩნევს, ტექსტის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესი კი VII ს. უნდა დასრულებულიყო. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში წმ. ნინოს კულტი მისი გარდაცვალებისთანავე ჩაისახა, მაგრამ, რადგან V – VI სს. ეროვნულ წმინდანთა კალენდარული სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, მათი მოხსენიება ლიტურგიკულ პრაქტიკაში არ ხდებოდა და, ამდენად, ეროვნულ წმინდანთა კულტის გავრცელების მექანიზმიც არ არსებობდა (ლ. გრიგოლაშვილი).
„წმ. ნინოს ცხოვრების“ სიძველის მიმანიშნებელი უტყუარი მოწმობაა X ს. მოღვაწე იოანე-ზოსიმეს ჰიმნში „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ მისი მოხსენიება და წმ. ნინოს იკონოგრაფიული გამოსახულება ოშკის ტაძრის სვეტის რელიეფზე.
„წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციით არის მოღწეული:
1. შატბერდული (X ს.)-ჭელიშური (XIV ს.);
2. სინური (X ს.);
3. ლეონტი მროველისეული (XI ს.), რომელიც ჩართული საისტორიო თხზულებაში „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“).
4. XII ს. დასაწყისში არსენ ბერმა შექმნა წმინდა ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია;
5. XIII ს. ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია. უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ გულაბერიძის ორიგინალური თხზულება „საკითხავი სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოÁსა და კათოლიკე ეკლესიისა“, რომელშიც აღწერილია წმ. ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა და პირველად არის განხლული საკითხი, თუ რატომ მოავლინა ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში ქალი განმანათლებელი.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |