ოვ ოზ ოთ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ოთხ

ოთხთავი

ოთხი კანონიკური სახარების: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების სახელწოდება.

ოთხთავის ქართულენოვანი ტექსტის რამდენიმე რედაქცია არსებობს. უძველესია ე. წ. ხანმეტი რედაქცია, რომელიც V ს. პალიმფსესტებზე ფრაგმენტების სახითაა მოღწეული და ასახავს იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ქართული ენის თავისებურებას, რომელსაც ხანმეტობას უწოდებენ. უძველესია, აგრეთვე, საბაწმინდური რედაქცია, რომელიც ხანმეტური რედაქციისაგან, სავარაუდოდ, მხოლოდ ფონეტიკური ნიშნით განირჩევა, კერძოდ: ხანმეტობა გარდაქმნილია ჰაემეტობად. ოთხთავის უძველესი რედაქცია მოცემულია ადიშის (897 წ.), ჯრუჭისა (936 წ.) და პარხლის (973 წ.) ხელნაწერებში. ამათგან ადიშის ოთხთავის ტექსტი განცალკევებით დგას და დამოუკიდებელ რედაქციას წარმოადგენს. X ს. ხელახლა ითარგმნა ოთხთავის ტექსტი; ეს ახალი რედაქციები ათონის მთაზე მოღვაწე ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების შექმნილია. ექვთიმეს რედაქცია, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წინაათონური წარმოშობის უნდა იყოს. იგი მოღწეულია ურბნისისა და პალესტინურ ხელნაწერებში, გიორგი მთაწმიდელის ტექსტს კი ვანის, ეჩმიაძინისა და გელათის ოთხთავები შეიცავს. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ სახარების ახალი რედაქციის შექმნა სცადეს ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა, თუმცა მათ გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას მეტოქეობა ვერ გაუწიეს, რადგან ისინი ვიწრო მეცნიერული, ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიზნით იყო შესრულებული.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9