მონასტერი კლარჯეთში; ჯუანშერის მიხედვით, დააარსა ვახტანგ გორგასალმა V ს. VIII ს. 30-იან წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ ააოხრა შავშეთი და კლარჯეთი. არაბთა შემოსევას დაერთო ქოლერის ეპიდემია, დააცარიელა კლარჯეთი და, სავარაუდოდ, ამის გამო იყო დანგრეული ოპიზა. 750 – 60-იან წწ. მონასტერი კვლავ აღდგა. VIII ს. 80-იანი წლების დასაწყისში აქ ქართლიდან მოვიდა მამა გრიგოლი და თავის მოწაფეებთან – საბასთან, თეოდორესა და ქრისტეფორესთან ერთად ორი წელი გაატარა. გიორგი მერჩულის ცნობის თანახმად, კლარჯეთში მოსულ წმ. გრიგოლ ხანძთელს მხოლოდ ოპიზა და ანჩა დახვდა. მისივე ცნობით, მოკლე დროში ამ მხარეში კიდევ თორმეტი მონასტერი ააშენეს. აღდგენილი ოპიზის სავანეს სათავეში ამბა გიორგი ჩაუდგა. IX ს. ოპიზა კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის მოიხსენიება. ის მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვ. აქვე შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის ცნობილი სახარება (913 წ.) და პარაკლიტონი (1093 წ.). ოპიზის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, შავშეთ-იმერხევის წყლის ხეობაში, სოფელ ოპიზას (ბაყჩილარ) (Bağçılar) მახლობლად.