ბესარიონ ბეჟანის ძე ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი 1724 – 1737 წწ., საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. 1680 – 1724 წწ. დავითგარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. როგორც ცნობილია, მან გააგრძელა კათოლიკოს დომენტის მიერ დაწყებული აგიოგრაფიული კრებულის შევსება, კერძოდ: კრებულს დაუმატა სხვა ქართველ წმინდანთა ცხოვრება- წამებანი. თავადაც გადაუწერია იოანე სინელის, გრიგოლ დიოლოგოსისა და სხვათა ნაშრომები. ყოფილა გამოჩენილი მქადაგებელიც, თუმცა მისი ჰომილიები შემორჩენილი არ არის. ბესარიონ ორბელიშვილის კალამს ეკუთვნის შემდეგი თხზულებები: „გრდემლი: სიტყვისგებაჲ ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ თუ რაჲ არს ჩუენგან მათი განყოფილება“; „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“; „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“; „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“; „დაძინებაჲ წმიდათაგანისა მამისა ჩუენისა ისე წილკანელ ეპისკოპოსისა საკვირველთმოქმედისა, რომელი იყო ერთი ათორმეტთა მამათაგანი, რომელნი შუამდინარით მოიწინეს“; „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა, სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“. ასევე, ბ. ორბელიშვილს დაუწერია ,,ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენსა გრიგოლი ჰრომისა პაპისაჲ“.