პა პე პი პო პრ
პავ პალ პან პაპ პარ პას პატ

პარეხი (IX – X სს.)

მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის ხეობის კლდოვან მასივში; მონასტრის დაარსების თარიღი დადგენილი არ არის. ეს საკითხი დაკავშირებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხორების“ დათარიღებასთან, რომელიც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კლარჯეთის იმ სავანეთა შორის, რომლებიც 830 – 40-იან წლებში მოიარეს ბაგრატ კურაპალატმა და მისმა ძმებმა, პარეხი არ იხსენიება. მოგვიანებითაც აქ ერთხანს მხოლოდ ანაქორეტი ბერები ცხოვრობდნენ (ჯერ მიქაელი, შემდეგ – ბასილი). იმ დროს პარეხი მახლობლად მდებარე ბრეთის მონასტრის ერთგვარ შტოდ განიხილება („ბრეთის პარეხნი“). დამოუკიდებელი კინობიური მონასტერი პარეხში, როგორც ჩანს, აღმოცენდა IX ს. II ნახევარში. იმ მოღვაწეთა შორის, რომელთაც ხელეწიფებოდათ წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა, გიორგი მერჩულეს დასახელებული ჰყავს „ღმერთშემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი“. IX – X სს. პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის – „წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X ს.) უსარგებლია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ დაწერისას. ცნობილია, აგრეთვე, მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX – X სს. მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X ს.). ამჟამად პარეხი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, ისტორიულ სოფელ პარეხიდან (დიუყანალა) (Duganla) ორ კილომეტრში, მდინარე დუგანალას (ბერთისწყლის შენაკადის) ხეობაში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9