სამონასტრო კომპლექსი; მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის, ანუ პონტოს, მთების აღმოსავლეთ კალთაზე. პარხალი ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წლამდე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X – XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „წმ. შუშანიკის წამება“ (უძველესი ნუსხა X ს.). ამჟამად სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო – დასავლეთით 27 კმ-ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად.