პეტრე ქართველი (მურვანი, ნაბარნუგი), თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი; ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი), იბერიის მეფის, ბუზმარის, შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. ყველაზე ძველი წყარო, რომელშიც პეტრე იბერის ცხოვრებაა აღწერილი, არის იოანე რუფუსის ნაწარმოები, რომლის დედანმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ სირიული თარგმანი. მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წ. ბიზანტიის კეისრის, თეოდოსიუს II-ის, მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველი უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს, მითრიდატე ლაზთან ერთად, ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე, დედოფალი ევდოკია. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია. იერუსალიმში ყოფნის დროს მას აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა სასახლიდან და პალესტინაში გადასახლდა. იერუსალიმში მურვანი და მითრიდატე აღიკვეცნენ ბერად, გამოიცვალეს სახელები (მურვანი – პეტრე, ხოლო მითრიდატე – იოანე). 445 წ. ისინი აკურთხეს მღვდლად. მათ შემოიარეს ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა, დამკვიდრდნენ მაიუმში ქ. ღაზის მახლობლად. პეტრე იბერი გახდა ერთ-ერთი უსაჩინოესი წარმომადგენელი V ს. II ნახევრის ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებისა. 452 წ. პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს“ უწოდებდა, იოანე რუფუსი კი – „ჩვენს პავლეს“, „მეორე მოციქულ პავლესა“ და „მეორე მოსეს“, ხოლო ზაქარია ქართველის გამოთქმით: „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა“. პეტრე იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI ს. სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ჩვენში წმ. ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით (ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია), ის ავტორია არეოპაგიტული კორპუსისა.
ბოლო დროს გამოქვეყნდა ე. ჭელიძის შრომა „პეტრე იბერის თაობაზე“, რომელშიც დასაბუთებულია პეტრე იბერის მონოფიზიტობა. ავტორს მოჰყავს საამისო არგუმენტები, კერძოდ: პეტრე იბერის მღვდელმთავრად კურთხევა მოხდა იერუსალიმის მონოფიზიტი პატრიარქის, თეოდოსი პალესტინელის, მიერ; უკლებლივ ყველა ის საეკლესიო პირი, რომელთანაც ქალკედონის კრების შემდეგ პეტრე იბერი მღვდელმოქმედებითად იყო დაკავშირებული, მონოფიზიტია; პეტრე იბერის მიერ ნაკურთხი მღვდელმთავრები უკლებლივ მონოფიზიტები არიან; პეტრე იბერმა აიძულა ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე III, რომ ერთმნიშვნელოვნად და აშკარად დაეგმო ქალკედონის კრება; პეტრე იბერის აღზრდილია სევეროზ ანტიოქელი, რომელმაც დაწერა ქალკედონის კრების შემაჩვენებელი ე. წ. „კათოლიკე ეპისტოლე“; მონოფიზიტი იყო პეტრე იბერის უკლებლივ ყველა მოწაფე; მხოლოდ მონოფიზიტებმა აღწერეს პეტრე იბერის „ცხოვრება“; მხოლოდ მონოფიზიტებმა შეიტანეს პეტრე იბერის (და იოანე ევნუქის ანუ იოანე ლაზის) ხსენება მონოფიზიტურ კალენდარში და მოახდინეს მისი კანონიზირება; მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არავინ ახსენებს პეტრე იბერს და არ აღწერს მის „ცხოვრებას“; მართლმადიდებლებს არასდროს შეუტანიათ პეტრე იბერის ხსენება საეკლესიო კალენდარში; პეტრე იბერის „ცხოვრება“ არ შემორჩა ბერძნულ ენაზე და შემორჩა მხოლოდ მონოფიზიტთა ძირითად ენაზე – სირიულზე. ე. ჭელიძის მოსაზრებით, პეტრე იბერი არ შეიძლება იყოს არეოპაგეტიკული კრებულის ავტორი, რადგან მის ციტირებას ახდენს III ს. საეკლესიო მოღვაწე წმ. დიონისე ალექსანდრიელი.