ბაჩკოვოს მონასტერი, უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი ბიზანტიის იმპერიაში, ახლანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, სოფ. ბაჩკოვოში; ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. მონასტერი 1083 წ. დააფუძნა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით, თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ- ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. 1204 წ. მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს. მე-11 საუკუნიდან აქ სკოლა იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის მაინც გაძარცვული და განადგურებული იქნა XV ს. მეორე ნახევარში, თუმცა მისი ხელახალი მშენებლობა XVI ს. ბოლოს დაწყებულა. რუსეთ- თურქეთის ომის (1877 – 1878 წწ.) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით მონასტერი თურქთაგან დარბევას გადაარჩინა. დღეისათვის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსი საცხოვრებელი ნაგებობებითაა შემოსაზღვრული და გაყოფილია ორად – მის ჩრდილოეთ ეზოში აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (XVIII ს.) და წმ. მთავარანგელოზთა (XII ს.) ეკლესიები, სამხრეთ ეზოში კი – წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1834 – 36 წწ.). საცხოვრებელ ნაგებობებში, რომლებიც გალავნის მაგივრობასაც წევენ, მოთავსებულია ბერებისა და მონასტრის სხვა მკვიდრთა სენაკები, ოთახები მომლოცველებისა და სტუმრებისათვის.