ძვ. სპარს. „მმართველი“
ქვეყნის გამგებელი, ერისმთავარი; ქვეყნის ერთი კუთხის მმართველი (მთავარი ქვეყნისა); უმაღლესი მოხელე ძველ ქართლში, სპარსეთსა და სომხეთში. მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია. სასანური პერიოდის სამეფო სიებში იგი დამოწმებულია არაუადრეს III ს-ის მეორე ნახევრისა და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეს აღნიშნავს. მოგვიანებით პიტიახში გვხვდება V ს-ის სომეხ ისტორკოსებთან (აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), აგრეთვე – „ქართლის ცხოვრებასა“ და ქართული აგიოგრაფიის უადრეს (V – VI სს.) ძეგლებში („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), რომლებშიც მსხვილ სამხარეო გამგებლებს აღნიშნავს. პიტიახშის მოხსენიების ყველაზე ადრინდელი დამოწმებები შემოინახა არმაზისხევის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა, რომელიც შეიცავს ქართლის ძველ პიტიახშთა რეზიდენციის კომპლექსის ნაშთებს (სასახლე, აბანო, ნეკროპოლი). არმაზისხევში პიტიახშთა საგვარეულო ნეკროპოლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ეს ადგილი წარმოადგენდა ძველი ქართლის პიტიახშთა რეზიდენციას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]