ლიტურგიკული ძეგლი, რომელიც შეიცავს უცვლელ მასალას, დანიშნულს ყოველდღიური საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის სხვადასხვა ჟამს, ანუ საათს (აქედან არის მისი სახელწოდება). ამის მიხედვით არის ჟამნი შუაღამიანის, ცისკრის, პირველი მზის (I), მესამე (სამჟამისა, III), მეექვსე (მეექუსისა ჟამისა, VI), სადილის, ცხრა ჟამის (IX), მწუხრის, დიდი სერობის და მცირე სერობისა. I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს – ეს არის ქრისტეს პილატესთან მიყვანის დრო. ეს ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ; III ჟამნი 10, 11, 12 საათია და გვაგონებს მაცხოვრის სასამართლოს, ტანჯვას პილატესთან; VI ჟამნი 1, 2, 3 საათია, დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და ჯვარს ეცვა. III და VI ჟამნები იკითხება წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის წირვების წინ; IX ჟამნი გულისხმობს 4, 5, 6 საათს, დროს, როდესაც ჯვარცმულმა იესომ სული განუტევა. ეს ჟამნი იკითხება უბრალო დღეებში მწუხრის წინ. ჟამნს დამატების სახით ერთვის მთელი წლის წმინდანების, აგრეთვე, – დიდმარხვისა და ზატიკის, კვირისა და შვიდეულის ციკლის, ასევე, სხვა საჭირო ტროპარ-კონდაკები, მცირე სვინაქსარი და ღმრთისმშობლის პარაკლისი. ისევე როგორც სხვა ლიტურგიკული კრებულები, ჟამნიც ქართველებს ქრისტიანობის მიღებიდან უახლოეს ხანაში უნდა ეთარგმნათ.