შეხედულებათა სისტემა, რომელიც აღიარებს სამყაროს შექმნისა და ორგანიზების ღვთაებრივ ძალას; იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროსა და ადამიანის ცხოვრებაზე. რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა, რელიგია არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. ყოველ რელიგიას აქვს უფლის სახლები, ტაძრები, ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი, დაცანი, მღვიმეები, საკურთხევლები, სალოცავები, რომლებშიც ტარდება ღვთისმსახურება, გროვდებიან მლოცველნი, ისმენენ ლოცვას, ქადაგებებს, ტარდება საკულტო მსახურება. განასხვავებენ რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღვთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლენა (ებრაელობა, ქრისტიანობა) ან ღვთის განსაკუთრებული სახით გამოვლენის რწმენა (ისლამი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები – მრავალ ღვთაებას. წიგნიერ რელიგიებს უწოდებენ ებრაელობას, ქრისტიანობასა (რომლებიც ბიბლიას ემყარება) და ისალმს (რომელიც დაფუძნებულია ყურანზე). რელიგია, საღვთო მცნების მიხედვით, ადამიანს შექმნისთანავე მიეცა. შეხედულება საიქო ცხოვრებასა და სულის უკვდავების შესახებ მომდინარეობს უხსოვარი დროიდან. რელიგიის ადრეულ ფორმებს მიეკუთვნება: მაგია, ტოტემიზმი, შამანიზმი, საიდუმლო კავშირები, ბელადის კულტი და სხვ. კლასობრივი საზოგადოების წარმოშობას მოჰყვა პოლითეისტური რელიგიების განვითარება. ამ პერიოდში გამოიყო ქურუმთა და კულტის მსახურთა სოციალური ფენა.