წმინდა მოწამენი, სომეხთა მეფის, თრდატისაგან, წამებულნი; წმ. ქალწულმოწამე რიფსიმე მოხსენიებულია „წმ. ნინოს ცხოვრებაში“. როდესაც წმ. ნინომ ნახა სასწაულებრივი გამოცხადება ღვთისმშობლისა და თავისი ბიძის, იერუსალიმის პატრიარქის, ლოცვა- კურთხევით სამოციქულო მოგზაურობას შეუდგა, დაემგზავრა ერთ წარჩინებულ დედაკაცს, რომელიც იმხანად ჩამოსული იყო იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცავად. ამ დედაკაცის სახლში წმ. ნინომ გაიცნო პატიოსანი და წარჩინებული რიფსიმე, რომელსაც სურდა, ქრისტეს სარწმუნოებას შესდგომოდა და მონათლულიყო. წმ. ნინოს ქადაგების შემდეგ რიფსიმე, თავის ორმოცდაათ ახლობელთან ერთად, მოინათლა და წაიყვანა წმ. ნინო, რომელმაც ორი წელი იცხოვრა მასთან. შემდეგ რიფსიმე იძულებული გახდა, საბერძნეთიდან გამოქცეულიყო. მან თან წამოიყვანა ნინო, თავისი გამზრდელი გაიანე, სხვა ორმოცდაათი მორწმუნე და მოადგა სომხეთის საზღვრებს. თავდაპირველად მეფე თრდატის ბაღის მახლობლად გაჩერდნენ. როდესაც სომეხმა წარმართებმა შეიტყვეს მათი გაქრისტიანების ამბავი, მეფის ბრძანებით აწამეს რიფსიმე, მისი დედამძუძე გაიანე და მათთან მყოფნი ქალწულები.