ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი; მან მოიძია მთელ საქართველოში გაბნეული ხელნაწერები და მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შექმნა ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 7000 ტომს აღწევდა. მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებად აქცია წმ. იოანე ნათლისმცემლისა და გარეჯის სხვა მონასტრები. ერეკლე II-ის თანადგომით მან დაიწყო საეპარქიო სკოლების გახსნა. მომხრე იყო ევროპული ორიენტაციისა. განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც სამეფო კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა. ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და მწვალებლად გამოაცხადეს. მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებამ 1755 წ. იგი კათოლიკოსობიდან გადააყენა.
ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიური, თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მის დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებაში „მზამეტყველება“, საეკლესიო საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია ფილოსოფიური პრობლემები. „წყობილსიტყვაობაში“ (50 – 60-იანი წწ.) ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განხილულია რუსთაველის, პეტრიწის, სარგის თმოგველის, ჩახრუხაძის, სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრეობა. მის ენციკლოპედიურ ნაშრომში „სპეკალი“ თავისებურად არის მორიგებული ეკლესია და „გარეშეთა“ (ფილოსოფოსთა) მოძღვრება. ანტონმა ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაუმაისტერის, ვოლფის, ლაიბნიცის, მხითარ სებასტიელის, სვიმონ ჯულფელისა და სხვათა ნაწარმოებებს. მისი „ღვთისმეტყველება“ შედგენილია ოთხ ტომად (დაასრულა 1779 წ.). ანტონ I-ის ორიგინალურ აგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული „მარტირიკა“ წარმოადგენს „საკითხავებს“ წმინდანთა დღესასწაულებზე. მნიშვნელოვანია ანტონის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰომილეტიკის განვითარებაში. საქართველოში სცადა სამი სტილის თეორიის დანერგვა, რომლის თანახმად, „მაღალ მატერიაზე“ „მაღალი სტილით“ უნდა ეწერათ, საისტორიო თხზულება „საშუალო სტილს“, საყოფაცხოვრებო მოვლენები კი „დაბალ სტილს“ მოითხოვდა. ანტონ I-მა შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას, აზროვნებასა და მწერლობას ღრმა კვალი დააჩნია. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: იოანე გედევანიშვილი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, გაიოზ და დავით რექტორები და სხვ. ანტონი გარდაიცვალა „ანჩისხატის“ საკათოლიკოსო სახლში. დაკრძალულია მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.