ადამიანი, ძირითადად მონაზონი, რომელიც ღვთისა და მოყვასთა სიყვარულისთვის შეუდგა ქრისტიანული ღვთისმოსაობის უჩვეულო ღვაწლის – ქრისტესთვის სალოსობას. სალოსები საკუთარი სურვილით არა მარტო უარს ამბობდნენ მიწიერი ცხოვრების ყოველგვარ სიკეთეზე, საზოგადოებრივი ცხოვრებით სარგებლობაზე, ყველაზე ახლობლებთან ურთიერთობაზე, არამედ იღებდნენ სახეს შეშლილი ადამიანისას, არ ერიდებოდნენ მწარე სიმართლს თქმას, ამხელდნენ ადამიანებს. სალოსობა დამახასიათებელი გახდა აღმოსავლური ეკლესიისათვის. მის წარმოშობას ხელი შეუწყო პავლე მოციქულის სიტყვებმა: „ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ“ (I კორინთ. 4, 10). ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილია რამდენიმე სალოსი, რომელთა ცხოვრება-მოღვაწეობა აგიოგრაფიის საგანი გახდა, მაგალითად: ისიდორა (ნისიმა) სალოსი, სერაპიონ სინოდიტი, ბესარიონ საკვირველთმოქმედი, სვიმეონ სალოსი, ღირსი თომა, ანდრია სალოსი და სხვ. ქართულ აგიოგრაფიაში მსგავსი მოღვაწეები არ გვხვდება, მხოლოდ „ქართლის ცხოვრებაშია“ მოხსენიებული ვინმე პიმენ და ევლოგი სალოსები თამარ მეფის ეპოქაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 2012 წ. წმინდანად შერაცხა ბერი გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) და უწოდა წმ. ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი-სალოსი.