ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

სარმიანე კათოლოკოზი (VIII ს.)

საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსი 767 – 779 წწ; წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს მრავალი ადამიანი შეკრებილიყო მონასტერში, მათ შორის იყო მეფე და სარმიანეც. ეგვიპტელმა იაკობიტებმა კათოლიკოსს თავიანთი ქვეყნიდან მოტანილი ძღვენი მიართვეს, მისგან კურთხევა მიიღეს და ზიარება სთხოვეს. სარმიანემაც არ გამოიკითხა მათი აღმსარებლობა და ჟამისწირვაზე თავისი ხელით აზიარა. ღამით სიზმარში გამოეცადა ორი წმინდა კაცი - ერთი მღდელმთავარი და ერთი მონაზონი ოქროს კვერთხით, რომელზეც ჯვარი იყო. შემოსძარცვეს სარმიანეს ზეწარი და განრისხებულმა მონაზონმა უთხრა, რომ ასე განძარცვულია ის ღვთის მადლისაგან, რადგანაც იაკობიტები აზიარა. სარმიანემ ჰკითხა მოხუცს ვინაობა და მან უპასუხა, რომ თავად არის შიო, ხოლო მღვდელთმოძღვარი – კირილე ალექსანდრიელი. შეშინებულმა კათოლიკოსმა გამოიღვიძა და მოიწვია ეპისკოპოსთა კრება. კრებამ გადაწვიტა, ქალაქის გალავნის გარეთ დაეწვათ ეგვიპტელთა ძღვენი, ეპისკოპოსებს კი მცხეთაში ელოცათ სარმიანესთვის, ხოლო მას თვითონ შიოს საფლავთან მოენანიებინა ცოდვა. ასეც მოიქცნენ. ლოცვითა და სინანულით მივიდა სარმიანე წმ. შიოს საფლავთან. მარტვილიის კვირის ღამეს დაესიზმრა, რომ მიიყვანეს გოლგოთასთან, სადაც იყო ჯვარცმული მაცხოვარი. იქვე მივიდნენ კირილე ალექსანდრიელი და შიოც, რომლებიც ევედრებოდნენ ქრისტეს სარმიანეს შენდობას, ხოლო უფალმა მათი ხათრით შეუნდო სარმიანეს. მაშინ მოვიდა ეს ორი წმ. მამა და შემოსეს მას ზეწარი. განთიადზე კი ფილიპე ეპისკოპოსმა აუწყა, რომ ხუთ სხვადასხვა ეპისკოპოსს გამოეცხადა წმ. შიო, რომელმაც მათ ახარა სარმიანესთვის ცოდვის მიტევება. კათოლიკოსმა ღმერთს მადლობა შესწირა და განაჩინა, რომ ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმ. შიოს საფლავზე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9