საკმევლის დასაკმევი ჭურჭელი, იგივე სასაკმევლე; ლითონის მრგვალი ფორმის ხუფიანი ჯამი, რომელიც სამ ან ოთხ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში იყრება გაღვივებული ცეცხლი და საკმეველი. ქრისტიანობამ საცეცხლური მიიღო იუდაიზმისგან. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დაწესდა. საცეცხლური ხელში უჭირავს მღვდელმსახურს, რომელიც უკმევს ხატებსა და მლოცველებს. ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია, მლოცველთა კმევა კი გამოხატავს სურვილს, რათა მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც – საცეცხლურის კვამლი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].