აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აპა აპო

აპოკრიფი

ძვ. ბერძნ. „დაფარული“, „საიდუმლო“

ძველი და ახალი აღთქმის ის წიგნები, რომლებსაც ეკლესია არ იწყნარებს და კრძალავს; არაკანონიკური, „დაუბეჭდველნი“ წიგნები. ტერმინი „აპოკრიფი“ პირველად გამოყენებულია რომის პაპის დეკრეტში (IV ს.). ამავე საუკუნეში შეიქმნა აპოკრიფული წიგნების პირველი სიაც. აპოკრიფული ლიტერატურა, ძირითადად, იყოფა ძველი და ახალი აღთქმის აპოკრიფებად. როგორც ირკვევა, არსებობდა ძველი აღთქმის 70-მდე აპოკრიფი (ამჟამად 30-მდე ითვლიან): I ეზრა (წიგნი ეზრა ზორაბაბელისა), ტობი, ივდითი, სოლომონის სიბრძნე, ისუ ზირაქის სიბრძნე, ბარუქი, იერემიას ეპისტოლე, III ეზრა (ეზრას აპოკალიფსისი), I მაკაბელთა, II მაკაბელთა, III მაკაბელთა, „ადამისა და ევას ცხოვრება“, ენოქის წიგნი, იუბილეთა წიგნი, თორმეტი პატრიარქი და სხვ. ახალი აღთქმის აპოკრიფებიდან ცნობილია აპოკრიფული სახარებები (იაკობის, თომასი, ნიკოდიმოსისა, პეტრესი და სხვ.); საქმენი მოციქულთანი (იოანესი, ანდრიასი და სხვ.); ეპისტოლენი (ბარნაბასი, კლიმენტისა, პოლიკარპესი); გამოცხადებანი (იოანესი, პეტრესი, პავლესი). ახალი აღთქმის აპოკრიფებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აპოკრიფულ აგიოგრაფიას (თომა, ფილიპე, პეტრე და პავლე მოციქულების „წამებები“; წმ. გიორგის დადიანისეული „წამება“; იოანე ურჰაელის, ბასილი კესარიელისა და სხვათა „ცხოვრებანი“; ფილექტიმონის წამება). XI ს-ის დამდეგს წმ. ექვთიმე ათონელს გიორგი ჭყონდიდელისათვის (მეორე წყაროთი თეოდორე საბაწმინდელისათვის) გაუგზავნია წერილი, რომელიც ეხება ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნთა ე.წ. ინდექსს. ის ასახელებს შემდეგ აპოკრიფულ-მწვალებლურ თხზულებებს: ორიგენეს „მრავალი წიგნი“, ევსები პამფილის „წიგნი“, ანტიოქიის მოქცევა, თომას სახარება, წიგნი „აბუკუროვა“, პავლეს მიერ ცათა მოხილვა, ადამის ცხოვრება, სიყრმე უფლისა, მათესა და ანდრიას „საქმენი“, გიორგის წამება, კვირიკეს წამება. თითოეულ მათგანს ახლავს მცირე კომენტარი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9