შუა საუკუნეების პოპულარული აგიოგრაფიულ- მორალური ხასიათის სასულიერო რომანის, „ბალავარიანის“, ქართული რედაქცია. თხზულება ინდური წარმოშობისაა. ქართულად იგი არაბული ენიდან უნდა იყოს გადმოკეთებული. მასში მოთხრობილია ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების ამბავი: ინდოეთის მეფის, აბენესის, ვაჟ იოდასაფს ქრისტიანობაზე მოაქცევს მეუდაბნოე ბალავარი. იოდასაფი ქრისტიანობას ინდოეთის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს. თხზულება შუა საუკუნეებში ინტერესს იწვევდა თხრობის იგავარაკული სტილით (ბალავარის ბრძნული შეგონებანი იოდასაფისადმი წარმოდგენილია იგავებად) და სიუჟეტის რომანული ელემენტით (იოდასაფს ცდუნების მიზნით მეფე ულამაზეს ასულებს მიუჩენს, ერთი მათგანი უფლისწულს შეუყვარდება).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].