წმ. სვიმეონ მესვეტე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, არქიმანდრიტი; დაიბადა ანტიოქიაში. გააგრძელა მესვეტეობის ის ასკეტური ღვაწლი, რომელსაც მისმა წინამორბედმა, ასევე სვიმეონმა, დაუდო სათავე. მისი სახელი იმდენად განითქვა, რომ მასთან შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ დასამოწაფებლად თუ კურნების მისაღებად, მათ შორის – ქართველებიც. ამის შესახებ ცნობა ეპიზოდური სახით რამდენიმე ადგილას თვით წმინდანის ცხოვრებაშიცაა ასახული. წმ. სვიმეონ მესვეტე (უმცროსი) საქართველოსთან სხვა მხრივაც არის დაკავშირებული. ქართული საეკლესიო ტრადიციით, წმ. ასურელმა მამებმა – იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა – საქართველოში გამომგზავრების წინ სწორედ, ღირსი სვიმეონისგან აიღეს ლოცვა-კურთხევა. წმინდანებს შორის სულიერი ურთიერთობა არც საქართველოში გამომგზავრების შემდეგ გაწყვეტილა. გადმოცემის მიხედვით, წმ. სვიმეონს ღვთისაგან წინასწარ ეუწყა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამის – აბიბოს ნეკრესელის – მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. სოფ. იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა (ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].