სუქიოს // ბარდი, წმ. მოწამე სუქია და მასთან ერთად: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (ანტონ I კათალიკოსის ჩამონათვალი ასეთია: ლუკიანოს, პოლიევკტოს, კოდრატოს, ივქრიონ, მიმიანოს, ფოკა, ნერანგიოს, დომენტიანოს, ანდრიანოს, ზოსიმოს, ვიკტორიოს, თალალოს, იორდანოს, ანასტასიოს, იაკობოსა და თეოდორიტოს); ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები. მსახურობდნენ ალბანეთის მთავრის კარზე და შესაბამის პატივშიც იყვნენ. სომეხთა მეფის, არტაქსარის, მეფობის დროს (88 – 123 წწ.) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში, მოხვდნენ. აქ ქადაგებდა წმ. თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს, უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და მდ. ევფრატში მონათლა. აქ, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას, მათ „ჯვარი ხარებისა“ აღმართეს. ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით განგმირეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც ის ნათესავად ეკუთვნოდა. სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაკრძალეს სიმართლისათვის ვნებულნი. ხრისოსის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაცს უბრძანა, წასულიყო სუკაკეთსა და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები. მეფის ბრძანება გადასცეს სუქიას, პასუხად კი მისგან უარი მიიღეს. ამის გამო, მათ ცეცხლი შემოუნთეს. ცეცხლმოკიდებული მოწამენი მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს. ეს მოხდა 123 წ. (სხვა გადმოცემით – 130 წ., ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით – 100 წ.). მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმ. ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV ს. ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა, წმ. სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.