წესი, კანონი, წეს-განგება. ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღვთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მთელი წლის მსგეფსი და რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. ტიპიკონი ორი ტიპისაა: სამრევლო და სამონასტრო, ე.ი. არსებობს ღვთისმსახურების შესრულების ორი წესი: სამრევლო ეკლესიის პირველი ტიპის ტიპიკონი ჩამოყალიბებულია იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ეკლესიის ღვთისმსახურების წესის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით – კონსტანტინეპოლის აია-სოფიის დიდი ეკლესიის წესის მიხედვით. სამონასტრო ტიპიკონებიდან ყველაზე ცნობილია: პალესტინაში საბაწმიდის ლავრის ტიპიკონი, კონსტანტინეპოლში სტოდიელთა მონასტრის ტიპიკონი, ხოლო ათონის მთაზე – ათანასე მთაწმიდელის ლავრის ტიპიკონი. საქართველოს ეკლესიას, რომელიც დაარსების დღიდან პალესტინურ ლიტურგიკულ პრაქტიკას მიჰყვებოდა, სახელმძღვანელოდ იერუსალიმური ტიპიკონი უნდა ჰქონოდა. ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის – „ივირონის“ დაარსება გახდა საფუძველი აია-სოფიის, ანუ კონსტანტინეპოლის, „დიდის ეკლესიის“ ტიპიკონის თარგმნისა, რომელსაც წმ. გიორგი მთაწმიდელის თარგმანში „დიდი სვინაქსარი“ ეწოდება, ხოლო წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანში – „მცირე სვინაქსარი“, რადგან ეფთვიმემ ძეგლი შემოკლებით გადმოიღო, ხოლო გიორგიმ – სრულად. XII ს. პირველი მეოთხედიდან საქართველოში რიგით მესამე ტიპიკონი ამოქმედდა – საბას ლავრის ტიპიკონი, რომელსაც შიომღვიმის ტიპიკონი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ საბას ლავრის სამონასტრო ტიპიკონი საქართველოში, კერძოდ, კლარჯეთის ეკლესიებში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ IX საუკუნიდან, რადგან ცნობილია, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელმა მის მიერ დაარსებულ მონასტრებს ეს ტიპიკონი დაუდგინა. მან საგანგებოდ ათარგმნინა თავის მოწაფეს, რომელიც საბას ლავრაში მოღვაწეობდა, და, რომელმაც ეს ტიპიკონი წმ. გრიგოლს გამოუგზავნა. საბოლოოდ, ჩვენში დამკვიდრდა „მთაწმიდის რედაქცია“ საბაწმიდის ტიპიკონისა, რომელიც უცვლელად მოქმედებდა XVIII საუკუნემდე, ვიდრეიგი ანტონ I- მა კათალიკოსმა არ შეასწორა სლავური ტიპიკონის მიხედვით.
სამონასტრო ტიპიკონების სახელწოდებაში გაჩნდა სიტყვა „ქტიტორული“ იმის აღსანიშნავად, რომ ზოგიერთი დიდგვაროვანი და შეძლებული მორწმუნე თავის ქონებას ახმარდა მონასტრის აშენებას, რომელსაც სამონასტრო წესს მისი დამაარსებელი – „ქტიტორი“ უწესებდა. ასეთ მოქმედებას ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ მოთხრობილია, როგორ აუშენა მონასტერი ექვსი წლის ილარიონს მამამ. შემდეგ იერუსალიმიდან დაბრუნებულმა ილარიონმა დაქვრივებული დედისა და დისათვის „აღაშენა მონასტერი... და განუწესა წესი და კანონი“; „და კუალად აღაშენა სხუაჲ მონასტერი მამათათÂს... და განუწესა მათცა წესი და კანონი“. ქტიტორული ტიპიკონიდან მხოლოდ ცალკეული ადგილებია მოყვანილი „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ქტიტორულია წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ მთაწმინდის ქართველთა მონასტრისათვის დადგენილი წესები, რომელთა დიდი ნაწილი წარმოდგენილია „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.