უბ უდ ულ უმ ურ უს უტ უფ უჯ
უსი უსტ

უსისხლო მსხვერპლი

1. მართლმადიდებელ ეკლესიაში ევქარისტული საიდუმლოს ერთ-ერთი სახელწოდება. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი – პური და ღვინო. საგანგებოდ გამომცხვარ პურს უწოდებენ სეფისკვერს, ანუ სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს – ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი წყალს გაურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა „კვეთა“, რომელიც შეესატყვისება ბერძნულ „პროსკომიდიას“ (წინადაგებას). იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე და იწყება წირვა;

2. სისხლის დაუღვრელად რწმენისთვის გაღებული მსხვერპლი: წუთისოფლის სიამეთაგან გარიდება, უდაბნოში განმარტოება, „მონაგებთა დატევება“ (ქონების დათმობა), მარხულობა და სხვ. ბერ-მონაზვნები, ისევე როგორც მარტვილები, თავიანთი ცხოვრების წესით ქრისტეს ჰბაძავდნენ, მას ემოწმებოდნენ. ოღონდ მარტვილთა ღვაწლი თუ „სისხლიანი მსხვერპლი“ იყო, ბერ-მონაზვნები „უსისხლო მსხვერპლის“ შემწირველად მიიჩნეოდნენ. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსაჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტჱსისა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9