საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე. სახელწოდება მომდინარეობს ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ქართლოსის, სახელისაგან. თავდაპირველად ქართლი ერქვა ქართლოსის პირველსაცხოვრისის მთას, დღევანდელი მცხეთის სიახლოვეს, რომელიც შემდეგ არმაზის მთისა და არმაზის სალოცავის სახელით იყო ცნობილი. აღნიშნულ გეოგრაფიულ პუნქტზე გადიოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეთა დამაკავშირებელი უმოკლესი გზები. ქართულ ისტორიოგრაფიაში ის მოსაზრებაც არსებობს (ნ. ბერძენიშვილი), რომ ქართის ტომის თავდაპირველი საცხოვრისი ქვემო ქართლი იყო. ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის ჰეგემონობით ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფო, რომლის საერთო სახელწოდება „ქართლი“ იყო (ბერძნულ-ლათინური წყაროებით – „იბერია“). მოგვიანებით, დაახლოებით X საუკუნიდან, ქვეყნის აღმნიშვნელი ახალი ტერმინი – „საქართველო“ წარმოიქმნა, რადგან ერთმანეთის პარალელურად არსებობდა ეთნოგრაფიული ქართლი და ქართლის სახელმწიფო, რომელიც ეთნოგრაფიული ქართლის გარდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ქართლი მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლს არ ერქვა – ქართლი იყო მთელი სამხრეთი საქართველოც.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].