ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქტ ქუ
ქალ ქან ქარ ქას ქაშ

ქაშუეთი

ქაშვეთი // ქვაშვეთი, ეკლესია თბილისში; წერილობითს წყაროებში ქაშუეთი პირველად 1440 წ. შედგენილ სიგელში იხსენიება. VI ს. I ნახევარში ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად ქართლში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა. წმ. ასურელ მამათა შორის ერთ-ერთმა, დავითმა, სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოდიოდა. მაზდეანებმა მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი. გადმოცემის მიხედვით, დავითმა თავისი კვერთხი შეახო ორსულის მუცელს და ხმამაღლა ჰკითხა: თქვი, ვინ არის შენი მამა? ყველასთვის მოულოდნელად ქალის მუცლიდან მოისმა ხმა – მამა მჭედელია. ცილისმწამებელ დედაკაცს ღვთის რისხვამ უწია და ბავშვის ნაცვლად ქვა შვა – აქედანაა მიღებული სახელი „ქვაშვეთი“. ა. შანიძე „ქაშუეთის წმინდა გიორგის“ უკავშირებს „ქაჯუეთის“ ხახმატის ჯვარს „ქაჯუეთი-ქაჯავეთი“. ლ. წერეთლის აზრით, „ქაშუეთის“ დაკავშირება „ქვაშვეთთან“ და იმ სასწაულთან, რომელიც ქალის მიერ ქვის შობას აღნიშნავს, ზეპირი ტრადიციის შედეგია. „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ ამგვარი თხრობა არ არის, ეს პასაჟი სიტყვასიტყვით გადმოტანილია „ეფრემ ასურის ცხოვრებიდან“, რომლის ქართული თარგმანი ცნობილი იყო. როდესაც დაიკარგა ქვაშვეთის ეტიმოლოგიის ხსოვნა, ზეპირი ტრადიციებით ეფრემ ასურის ცხოვრების ეპიზოდი მიეწერა დავით გარეჯელს. მეცნიერის დაკვირვებით, უძველესი დროიდან სვეტის სიმბოლიკას ღრმა დატვირთვა აქვს ხალხურ ტრადიციასა და ხუროთმოძღვრებაში. მესვეტეობის ტრადიციით საქართველოში ქვა-სვეტების აღმართვამ სხვა სულიერი ფუნქციაც შეიძინა. ამდენად, ქვაშვეთი უნდა იყოს ქვა-სვეტი.

წმ. დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ეკლესია მე-18 საუკუნეში შეიცვალა. 1742 წ. გივი ამილახვარმა ააშენა აგურის ეკლესია. შემდგომში ის დაზიანდა და საკითხი წამოიჭრა მისი შეცვლის აუცილებლობაზე. ახალი ტაძრის მშენებლობა 1910 წ. დამთავრდა იმ დროის გამოჩენილი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილფელდის, პროექტით. მან ახალი ეკლესიის ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ახალი ეკლესია აკურთხეს 1910 წ. 13 ოქტომბერს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9