დიდმოწამე, აშოთან მუხრანბატონის ასული და დავითის, ალექსანდრე კახთა მეფის ძის, მეუღლე; 1605 წ. ხელმძღვანელობდა მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინეს წინააღმდეგ კახეთის აჯანყებას. თეიმურაზის მეფობის პირველ ხანებში განაგებდა ქვეყანას. 1614 – 1617 წწ. შაჰ-აბასმა რამდენჯერმე გაილაშქრა კახეთზე. მან თეიმურაზისგან მძევლები მოითხოვა. მეფე იძულებული იყო, ირანში თავისი შვილები: ალექსანდრე, ლევანი და დედა – ქეთევანი გაეგზავნა. ისინი ჯერ განჯას იყვნენ, შემდეგ კი – აშრაფს. 1620 წ. სამეფო ოჯახის წევრები შირაზში გადაიყვანეს. თეიმურაზი თავგანწირვით ებრძოდა შაჰ-აბასს. იგი მოკავშირეებს ხან ოსმალეთში, ხან რუსეთში ეძებდა. ამით აღშფოთებულმა შაჰმა სასტიკად იძია შური – ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის შედეგადაც უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა, უფროსი კი ჭკუიდან შეიშალა. დედოფალმა თერთმეტი წელი გაატარა სპარსეთში. ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერი მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა სპარსეთის მისიონში. ორი წლის განმავლობაში იგი შირაზში ცხოვრობდა და თვითმხილველი იყო წმ. ქეთევანის სასტიკი წამებისა. შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს მოსთხოვა დედოფლის გამაჰმადიანება, რაზედაც ქეთევანისაგან სასტიკი უარი მიიღო. ის საშინელი წამებით მოკლეს 1624 წ. დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წ.), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარში) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).