არსენ საფარელი, საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ქართლის კათოლიკოსი, სამცხის დიდი ფეოდალის, მირიანის ძე; მის შესახებ ცნობები დაცულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. 6 წლის იყო, როდესაც მშობლების სურვილით დაიმოწაფეს აფხაზეთში მიმავალმა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა – თეოდორემ და ქრისტეფორემ. არსენ I-თან ერთად ხანძთის მონასტერში იზრდებოდა ეფრემიც – შემდგომში დიდი საეკლესიო მოღვაწე და აწყურის ეპისკოპოსი. დაახლოებით 886 წ., სამცხის ერისკაცთა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით, მამამ არსენ I საკათოლიკოსო ტახტზე აიყვანა, რასაც ქართველი მღვდელმთავრებისა და მათ შორის ეფრემ მაწყვერელის გულისწყრომა მოჰყვა. განაწყენებულებს მხარი დაუჭირა გუარამ მამფალმა, რომლის ბრძანებით მოიწვიეს ჯავახეთის საეკლესიო კრება. არსენის ბედი გადაწყვიტა წმ. გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც განაცხადა: „არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს“. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, არსენი 27 წელი კათოლიკოსობდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მას ეკუთვნის ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობებისა და განხეთქილების ისტორიას. მასვე მიაკუთვნებენ თხზულებას „ცხოვრება და მარტჳლობა წმ. აბიბოს ნეკრესელისა“, რომლის მეტაფრასულ რედაქციაში მითითებულია, რომ „ეს ცხოვრება არის თქუმული არსენ დიდისა, ქართლისა კათალიკოსისაჲ“.