ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმთან და ისლამთან ერთად). ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომლებიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციას, არის რწმენა იესო ქრისტესი, როგორც ღმერთკაცისა, მსოფლიოს მხსნელისა, სამების მეორე პირის განმასახიერებლისა. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა წმინდა წიგნი – ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი – ახალი აღთქმა. ქრისტიანობა, ისლამთან და იუდაიზმთან ერთად, მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ რელიგიებს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეს დაბადებიდან. ქრისტეს მოძღვრება მთელ მსოფლიოს უქადაგეს მისმა მოწაფეებმა – წმინდა მოციქულებმა, რომლებმაც დააარსეს ერთი, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია. ქრისტიანული მოძღვრება მოიცავს სწავლებას იესო ქრისტეს, სულიწმიდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. ქრისტიანობა ადამიანის სულის ხსნისა და უნივერსალური სიყვარულის რელიგიაა, რომელიც მტრის სიყვარულსაც კი ქადაგებს.