აია / / ქუთაია / / ქუთათისი / / ქუთათისიუმი, ქალაქი იმერეთში, მდ. რიონის ნაპირებზე; საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV - XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად თვლიდნენ. VI ს. ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII ს. ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. X ს. ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 1122 წ. დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე - ისტორიული თვალსაზრისით.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].