ეკლესიური სწავლებით, შიში ღვთისა არის დასაბამი ადამიანის სულიერი ძლიერებისა, სასწაულთმოქმედების ნიჭისა. ამ სათნოების წყალობით წუთისოფელში მარადისობას შეიგრძნობ, სულისა და ხორცის სიწმინდეს დაიმარხავ. შიში უფლისა და სიყვარული განუყოფელია ერთმანეთისგან, უფრო ზუსტად, ერთი მეორეს გულისხმობს და განაპირობებს: „თუკი ძველ აღთქმაში ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის მთავარი პრინციპია შიში, ახალ აღთქმაში იგი შეცვალა სიყვარულმა, რომელმაც მთლიანად კი არ განდევნა ღვთის მოშიშება, არამედ დაიმორჩილა“ (ა. ბიჩკოვი). „უდიდესი სიმდიდრე, უხრწნელი მემკვიდრეობა მარადიული საგანძური არის შიში ღვთისა... სადაც შიშია ღვთისა, იქ გლახაკი და არაფრის მქონეც კი ცხონდება“ (წმ. იოანე ოქროპირი).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].