ღა ღმ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთისმეტყუელებაჲ

თეოლოგია, საეკლესიო მოძღვრება, მეცნიერება ღვთისა და რწმენის შესახებ; არსებობს ღვთისმეტყველების ორი ძირითადი სახე: გამოცხადებითი (დამყარებული ღვთიურ გამოცხადებაზე) და ბუნებრივი. ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფუძემდებლები იყვნენ იუსტინიანე, ტერტულიანე, კლიმენტი. ორიგენე და სხვ. ყველაფერი, რაც პრინციპულად უკავშირდება რელიგიას, წარმოადგენს ღვთისმეტყველების საგანს. მისი მიზანია, მოგვცეს ცოდნა ღვთისა და რელიგიური რწმენის გასაგნებულ ჭეშმარიტებათა ირგვლივ. ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერების, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერად გააშუქოს, დააფუძნოს და გაამართლოს რწმენა ღვთისა, მისი არსებობა, თვისებები და უმთავრესი ჭეშმარიტებანი რელიგიური აღმსარებლობისა. ღვთისმეტყველების მასწავლებელთა და შემსწავლელთა ამოცანა უნდა შეიცავდეს ორ აუცილებელ პირობას: ა) მიაწოდონ ჭეშმარიტება და უწყვეტობა სამოციქულო სწავლებისა, რომელიც შენარჩუნებულია ეკლესიის მიერ ყოველგვარი ცვლილების ან დამახინჯების გარეშე; ბ) გამოხატონ ეს სწავლება ისეთნაირად, რომ გასაგები იყოს ადამიანებისათვის ე. ი. იმათთვის, ვის შორისაც ცხოვრობს და ვისი გადარჩენისთვისაც არის მოწოდებული ეკლესია. ღვთისმეტყველება სხვა არაფერია, თუ არა ჭვრეტა. იგი გულისხმობს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან და განუყოფლადაა დაკავშირებული ლოცვასთან. როგორც ამბობენ, არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ღვთისმსახურების გარეშე. ღვთისმეტყველების პრობლემატიკის კვლევა განსაკუთრებით ნაყოფიერად წარიმართა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში. ამას, უწინარეს ყოვლისა, ხელი შეუწყო უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ლიტერატურის ძველბერძნული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებულმა თარგმანებმა. ძველი ქართული კულტურის წამყვან კერებში (ათონის მთა, გელათისა და იყალთოს აკადემიები და ა. შ.) ქართული ღვთისმეტყველების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა „კაბადოკიის სამი მნათობის“ (ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის), იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, მაკარი მეგვიპტელის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე აბუკურას, იოანე სინელის და სხვ. ნაშრომების ძველქართულმა თარგმანებმა. ეფრემ მცირემ (XI ს.) თარგმნა იოანე დამასკელის „დიალექტიკა“. ქართული თეოლოგიური მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არსენ იყალთოელმა (XI – XII სს.), რომელმაც გამორჩეული თეოლოგიური ნაშრომები ქართულ ენაზე თარგმნა და საღვთისმეტყველო კვლევა-ძიებათა შემაჯამებელი კრებული „დოგმატიკონი“ შექმნა. ეფრემ მცირესა და არსენ იყალთოელის თვალსაზრისთაგან მკვეთრად განსხვავდება იოანე პეტრიწის (XII ს.) მოსაზრება თეოლოგიისა და ფილოსოფიის როლის შესახებ. პეტრიწმა ნეოპლატონიკოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისები“ თარგმნა და დაწვრილებით განმარტა ქართულ ენაზე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9