თურქული მომთაბარე ტომების გაერთიანება მცირე აზიასა და აზერბაიჯანში; ეს სახელი დაერქვა ვრცელი სპექტრის ექსტრემისტ შიიტ მეომართა დაჯგუფებებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ირანში საფავიდთა დინასტიის დაფუძნებაში. მათი წითელი თავსაბურავი შედგებოდა 12 ნაკეცისაგან, რომელიც სიმბოლურად 12 შიიტ იმამს აღნიშნავდა. XVI ს. დასაწყისში ისმაილ I-ის მეთაურობით ყიზილბაშებმა გაანადგურეს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო და 1502 წ. ისმაილ I შაჰად გამოაცხადეს. ასე შეიქმნა სეფიანთა სახელმწიფო, სადაც XVI ს. დასასრულამდე ყიზილბაშების ზედა ფენას ეჭირა გაბატონებული მდგომარეობა. შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმის შემდეგ პოლიტიკური მნიშვნელობა და მათი ლაშქრის ძლიერება საგრძნობლად დაეცა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].