ღირსი მამა არსენი, სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი, კალიგრაფი. „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათა“ – ასე მოიხსენიებს მას წმ. გიორგი მთაწმიდელი. მის შესახებ სულ რამდენიმე ცნობაა შემორჩენილი გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ და გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“, ასევე – რამდენიმე ხელნაწრის მინაწერში. მონაზვნად აღიკვეცა იერუსალიმში, შემდეგ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მაგრამ წმ. არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავით კურაპალატმა ოთხთა ეკლესიაში გაგზავნა, სადაც ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დამეგობრდნენ და „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს, პონტოს (მცირე აზია) ერთ-ერთ მონასტერში გადავიდნენ. როდესაც მათი იქ ყოფნა შეიტყვეს იოვანე და ეფთვიმე ათონელებმა, ორივენი ივირონში მიიწვიეს. აქ ისინი, ძირითადად, ეფთვიმეს თარგმნილი თხზულებების გადაწერით იყვნენ დაკავებული, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე კრებული, ე.წ. სამახსოვრო წიგნები, შეადგინეს. კ. კეკელიძის აზრით, არსენ ნინოწმინდელი გარდაიცვალა 1118 წ. ახლო ხანებში. დაუკრძალავთ იოვანე გრძელისძესთან ერთად ათონის ქართველთა მონასტრის გარეთ, წმ. სვიმეონ მესვეტის ეკლესიაში. გიორგი მთაწმიდელმა, როდესაც იგი წინამძღვარი გახდა, ორივე გადაასვენა ივირონის ღვთისმშობლის მიძინების დიდი ეკლესიის (კათოლიკონის) საძვალეში, წმ. ეფთვიმეს გვერდით.