თხზულება გადმოგვცემს 1223 წ. ქართველების ბრძოლას ჯალალედინის ურდოს წინააღმდეგ, გარნისთან მეწინავე რაზმის მეთაურის, შალვა ახალციხელის, დატყვევებისა და ერთი წლის შემდეგ ხვარაზმელების მიერ მისი სიკვდილით დასჯის ამბებს. წმ. შალვა ახალციხელის შესახებ პირველ ცნობებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი“ გვაძლევს, რომელსაც შემდგომში დაეყრდნო ბასილი ეზოსმოძღვარი. ძირითადი ინფორმაცია კი მაინც „ჟამთააღმწერელს“ შემოუნახავს. „ათთა ბევრთა წამებაში“ ანტონ I კათალიკოსი შეეხო წმ. შალვა ახალციხელსაც, თუმცა მან თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) ცალკე თხზულებად შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა შალუა მთავრისა ახალციხელის მანდატურთუხუცესისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავითიან-ბაგრატოვანისა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].