შ ი შა შე შვ ში შუ
შად შავ შალ შამ შარ შატ შახ შაჰ

შაჰ-აბას I (1571 – 1629 წწ.)

შაჰ-აბას დიდი, ირანის შაჰი; ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს. ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები. შექმნა მუდმივი ჯარი, ჩაატარა სამხედრო რეფორმა, რომლის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელმა ძმებმა, ანტონ და რობერტ შერლებმა. ირანის ცენტრალური რაიონის აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605 წ.), ქართველი და შირვანელი სოფლის მეურნენი (1616, 1618 წ.). სამხრეთ კავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. მისი სარდლობით სამჯერ (1614, 1616, 1617 წ.) აოხრდა ქართლ-კახეთი, 1625 წ. კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 წ. და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ მისი გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა, საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. 1620 წ. დაასაჭურისებინა თეიმურაზ I-ის ვაჟები – ლევანი და ალექსანდრე, 1622 წ. მოაკვლევინა ლუარსაბ II, ხოლო 1624 წ. მისი ბრძანებით აწამეს კახეთის დედოფალი წმ. ქეთევანი. ქართველი აგიოგრაფები მას მოიხსენიებენ ეპითეტებით: „უსჯულო, მხეცი, უკეთური, ყოვლითა არაწმიდებითა აღსავსე, მახვილი იგი ორპირი, ჭური ყოველთა მანქანებათა ბოროტისათა, მპოვნებელი ყოველთა ცბიერთა; უღმრთო მეფე“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9