შ ი შა შე შვ ში შუ
შიო შირ

„შიოსა და ევაგრეს ცხოვრება“

„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ვაგრესი - თხზულება მოგვითხრობს VI ს. სირიიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოსული მონაზვნის, წმ. შო მღვიმელისა და მისი მოწაფის – ევაგრეს ცხოვრებასა და შიომღვიმის მონასტრის დაარსების ისტორიას. წმ. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X ს. II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.). ამ რედაქციათა ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და ურთიერთმიმართების თაობაზე არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება: ს. კაკაბაძის აზრით, პირველადი არის მოკლე რედაქცია, რომლის ავტორია არსენ კათალიკოსი, დაწერილია 687 – 700 წწ. აქედან მომდინარეობს მეტაფრასული რედაქცია, რომელიც დაიწერა 905 წ. ახლო ხანს. ეს ნაწარმოები გადაბმულია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მეტაფრასულ რედაქციაზე; მეორე შეხედულება ეკუთვნის აკად. კ. კეკელიძეს, რომლის აზრით, უძველესი არის მოკლე რედაქცია, ოღონდ ეს დამოუკიდებელი ნაწარმოები კი არ არის, „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციის ორგანული ნაწილია, მისი უშუალო გაგრძელებაა და დაწერილია კათალიკოს არსენ მეორის მიერ. ვრცელი მეტაფრასული რედაქცია კი, მეცნიერის აზრით, შექმნილია მოკლე რედაქციის გადამუშავების შედეგად უცნობი ავტორის მიერ XII ს.-ის პირველ ნახევარში; ი. აბულაძის აზრით კი, მოკლე რედაქცია, მართლაც, პირველადია და ორგანული ნაწილია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციისა, ამიტომაც მას ვერ დაწერდა კათალიკოსი არსენ II, რადგან „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქცია არსენ II-ს არ ეკუთვნის; ვრცელი, მეტაფრასული რედაქცია მოკლეს გადაკეთების შედეგად უნდა იყოს შექმნილი XII ს.-ის პირველ ნახევარში; ასურელ მოღვაწეთა „ცხოვრებათა” ციკლის ჩამოყალიბება დაკავშირებულია იოანე მარტვირთან, ვინაიდან მისი სახელი ფიგურირებს წმ. შიო მღვიმელის ვრცელი ცხოვრების სათაურში, როგორც „ცხოვრების” აღმწერი და, ამავდროულად, წმ. იოანეს მოწაფე. მართალია, იოანე მარტვირის შექმნილი ნაწარმოები „თხზულების გვიანდელი მოდიფიკაციაა, მაგრამ იგი მაინც უკეთ ინახავს დედანს“ – მ. ჩხარტიშვილი; X ს.-ის II ნახევრით ათარიღებს ე. გაბიძაშვილი. იგი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათოლიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების – წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს. მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII ს.-ში შექმნილ ძეგლად მიიჩნევს, გ. ფერაძე კი მის ავტორად დავით აღმაშენებლის სულიერ მოძღვარს, არსენ ბერს, მიიჩნევდა, თუმცა ეს მოსაზრებები გაზიარებული არ ყოფილა. გარდა ამისა, მოღწეულია უცნობი ავტორის მიერ XVII_XVIII სს.-ში შედგენილი წმ. შიოს მეტაფრასული „ცხოვრების“ ახალი რედაქცია (ცნობილია ერთადერთი ხელნაწერით) და ორის სვინაქსარული რედაქცია - ერთი ძველი, XIII ს.-ის ხელნაწერით მოღწეული (შექმნილია მეტაფრასტული რედაქციის საფუძველზე), ხოლო მეორე გვიანდელი (სავარაუდოდ XVII-XVIII სს., შემონახულია ერთადერთ 1726 წ. ხელნაწერში, შექმნილი უნდა იყოს მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე). ცხოვრებათა ტექსტების გარდა, მოღწეულია, აგრეთვე, „თხრობაჲ სასწაულთათვის მამისა შიოჲსთაჲ“, შეკრებილი ბასილი კათოლიკოსის (1090 – 1110 წწ.) მიერ (ცნობილია მხოლოდ XVIII ს.-ის ხელნაწერებით). ტექსტის შესავალი ნაწილის თანახმად, ავტორს შეუკრებია სხვადასხვა წყაროში გაფანტული სასწაულების აღწერა. ცალკეული ცნობები წმ. შიოს შესახებ შემონახულია, აგრეთვე, წმ. იოანე ზედაზნელისა და აბიბოს ნეკრესლის „ცხოვრებებში“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9