ჩინგიზ ხანი // ჩინგიზ-ყაენი // თემუჩინი, ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი; 1206 წ. მონღოლთა გვაროვნული და ფეოდალური ზედაფენის ყრილობაზე აირჩიეს სრულიად მონღოლეთის ხანად და ეწოდა ჩინგიზი (დიდი ყაენი). მან დაიმორჩილა სამხრეთ ციმბირი, ჩრდილოეთ ჩინეთი, ხელთ იგდო დიდი ალაფი და ჩინური საალყო ტექნიკით გააძლიერა თავისი ლაშქარი. მისმა ჯარებმა დაანგრიეს და დაიპყრეს ხვარაზმშაჰთა სახელმწიფო შუა აზიაში, დალაშქრეს ჩრდილო ირანი, კავკასია, 1220 – 1221 წწ. სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. დაამარცხეს რუსებისა და ყივჩაყების გაერთიანებული ძალები. მონღოლთა ლაშქრობებს თან სდევდა დაპყრობილი ქვეყნების აოხრება და მათი მოსახლეობის აწიოკება-განადგურება. ჩინგიზ-ყაენის მიერ შუა აზიის დამორჩილებით დასრულდა მონღოლთა დაპყრობების I ეტაპი (მონღოლთა დაპყრობები).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].