წმინდანთა ნეშტი დიდი სიწმინდე და თაყვანისცემის საგანია, დაცულია ეკლესია-მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ. ეკლესია ყველა დროში მიაგებდა პატივს წმინდა ნაწილებს, მათზე აგებდა ტაძრებსა და საკურთხევლებს; ადგენდა მათი აღმოყვანებისა და გადასვენების ხსენების დღეებს; აწესებდა წმიდა საფლავების მომლოცველობასა და განამშვენებდა მათ. ამას გარდა, საკურთხევლის საძირკველში ატანდნენ წმინდა მოწამეთა ნაწილებსაც კი. ასევე, ამ სიწმინდეს აკერებდნენ ოდიკებში (ანტიმინსიონი), რომლებზედაც ლიტურგია აღესრულება. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია არაერთი სასწაული, რომლებსაც წმიდანთა ნაწილები ახდენდნენ. ცნობები ქრისტიანთაგან წმიდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ არსებობს უკვე II ს. დასაწყისიდან. მაგ., ანტიოქიის ეპისკოპოს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის აღმწერი გვაუწყებს: „მისი სხეულის ნარჩენებიდან (იგი ცირკში დააგლეჯინეს მხეცებს) მხოლოდ ყველაზე მყარი ნაწილები გადაასვენეს ანტიოქიაში და შეინახეს ტილოში, როგორც ეკლესიისთვის დატოვებული შეუფასებელი საგანძური, რომელიც მოწამეში დავანებული მადლის მატარებელია“. ასევე, ქრისტიანებმა „შეაგროვეს წმ. პოლიკარპეს (სმირნელის) ძვლები, როგორც პატიოსან ქვებზე ძვირფასი და ოქროზე უწმიდესი საუნჯე“. ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავდა წმინდანთა ნაწილების გადასვენებას. მართალთა სხეულების უხრწნელობა მიცვალებულის სიწმიდის ერთ-ერთ ღვთიურ ნიშნად ითვლება. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787 წ.) საბოლოოდ დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა. ეკლესიის დიდი მამა წმ. იოანე დამასკელი „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში“ (თავი ოთხმოცდამერვე) საგანგებოდ საუბრობს წმინდანთა და მათი ნაწილების პატივისცემის შესახებ: „პატივი უნდა მივაგოთ წმინდანებს, როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც ღვთის შვილებსა და მემკვიდრეებს“. ქართულ სამონასტრო ტრადიციაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში საყოველთაო წესი იყო მონასტრის გარდაცვლილ წევრთა საფლავიდან აღმოყვანება და ძვლების საძვალეში (ანუ კრიპტაში) შენახვა. ასეთი კრიპტები, მოღვაწეთა ძვლებით თუ მის გარეშე, შემორჩენილია ბევრ ქართულ მონასტერში, მათ შორის ქოზიფის, ბეთანიის, ზარზმის, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსებში. ეს წესი დღემდე შენარჩუნებულია ათონისა და სინას მთის მონასტრებშიც.