ჭა ჭი ჭო
ჭიჭ

ჭიჭუმ მძლავრი // ასიმი (VIII ს.)

ხუზაიმა იბნ ჰაზიმ ატტამიმი, კავკასიის არაბი მეფისნაცვალი. ლეონტი მროველის მონათხრობის მიხედვით, წმ. არჩილის მეფობის დასასრულს კვლავ შემოიჭრნენ არაბები, მოაოხრეს ქართლი და კახეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ. მათი შეჩერების მიზნით, მოხუცი არჩილი თავად ეახლა არაბთა სარდალ ჭიჭნაუმ-ასიმს და სთხოვა, არ დაენგრია ქვეყანა და მოსახლეობისათვის გამაჰმადიანება არ დაეძალებინა. ასიმმა სტუმარი კარგად მიიღო, საბოძვარიც აღუთქვა იმ პირობით, თუკი გამაჰმადიანდებოდა. არჩილმა მტკიცე უარი განუცხადა არაბ სარდალს. ჭიჭნაუმს მოეწონა მხნე მოხუცი და მის მიმართ პატივისცემის გრძნობა აღეძრა, ამიტომ ბრძანა დაპატიმრება იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში დაიყოლიებდა რჯულის გამოცვლაზე. ამ დროს სარდალთან მისულა არჩილის მიმართ შურიძიებით ანთებული ერთი გამაჰმადიანებული გარდაბნელი მთავარი, რომელმაც შეაგულიანა ჭიჭუმ მძლავრი, აუწყა, რომ არჩილმა იცოდა ქართლის მეფეთა საგანძურის ადგილსამყოფელი, აგრეთვე – იმ განძის ადგილი, რომელიც ვითომ ჰერაკლე კეისარს დაუფლავს ქართლში ყოფნის დროს. ასიმმა კვლავ მოსთხოვა არჩილს გამაჰმადიანება და საგანძურის ადგილის გამხელა, თუმცა პასუხად უარი მიიღო, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. ქართლის კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) „არჩილის შესხმაში“ ასე მოიხსენიებს ასიმს: „მოვიდა უსჯულოჲ ჭიჭუმ, რომელსა ეწოდა ასიმ, იგიცა ნათესავი მოჰმედისი. მანცა მოაოჴრა და შემუსრა ყოველნი სიმაგრენი ქართლისანი და ეკლესიათა იწყო ქცევად და ოჴრებად“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9