ხანძთა, შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში; დააარსა სასულიერო მოღვაწემ წმ. გრიგოლ ხანძთელმა. VII ს. დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის, გაბრიელ დაფანჩულის, მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა. გიორგი მერჩულის მიხედვით, ხანძთა ააშენეს ისეთ კლდეზე, რომელიც „უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა“. ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა გურგენ IV-მ. ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918 – 941 წწ. და თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან, წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა, აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი; მაკარი ლეთეთელი; გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში, 951 წ. დაწერა „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“; ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე; საბა იშხნელი; თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი; ეფრემ მაწყვერელი; არსენ საბაწმინდელი; ილარიონ იერუსალიმელი და სხვ. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით. აჟამად ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის აღმოსავლეთით 40 კმ-ში, ისტორიულ სოფელ ხანძთაში (პორტა) (Porta).