არჩილ სტეფანოზის ძე // წმ. მოწამე არჩილი, ქართლის ერისმთავარი, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ, იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII ს. 30-იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან, მირისთან, ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში არჩილს ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. მან არ უარყო ქრისტეს რჯული, არაბებისაგან დიდება და პატივი არ მიიღო, რის გამოც წამებით მოკლეს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]