ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰს ჰუ
ჰემ ჰეო ჰერ

ჰეროდე (ძვ. წ. 73 – ძვ. წ. 4)

იროდი // ჰეროდე I დიდი იუდეველთა მეფე. წარმოშობით ედომელი. იყო გალილეის მმართველი, ძვ. წ. 40 წ. რომის სენატმა მეფედ გამოაცხადა. იმეფა 34 წელი და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ბოროტება ჩაიდინა: წყალში დაახრჩო სიძე (ცოლის ძმა), ცოლი, სიმამრი და თავისი სამი შვილი, რათა არავინ შესცილებოდა მეფობაში; წმ. მათეს სახარების თანამხმად, ჰეროდე I-ის დროს იშვა ქრისტე ბეთლემში. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, მოიხმო მოგვებიც და შეშინებულმა გადაწყვიტა ახალშობილის იროდი მოკვლა. ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას”. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ. ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ამიტომ ბრძანა, ამოეწყვიტათ ორ წლამდე ყველა ყრმა ბეთლემსა და მის შემოგარენში. მას იმედი ჰქონდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ჩვილი იესოც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. მეფის ბრძანებით განგმირეს წმ. წინასწარმეტყველი ზაქარიაც, რომელიც იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ შვილის, იოანეს, ადგილსამყოფელი არ გაამხილა. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას, საამებლად წმ. იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9