| | |
ათცამეტი ასურელი მამა; ჩვენში სირიიდან (შუამდინარეთიდან) მოსულა წმ. იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე. ძველთაგანვე არსებობს ორი სხვადასხვა ნუსხა სირიელი მამებისა. მათში მოხსენიებულ მოღვაწეთა რიცხვი ცამეტს აჭარბებს. ასურელ მამათა ჩამონათვალი სხვადასხვაგვარია წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. შიო მღვიმელის `ცხოვრებათა~ ტექსტებში. მათ შორის საერთოა რვა სახელი: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, იოსებ ალავერდელი, თათა სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ელია დიაკონი და აბიბოს ნეკრესელი, ხოლო განსხვავებულია ცხრა: თეოდოსიოსი, პიმენი, ნათანი, იოანე, სტეფანე ქიზიყელი, ზენონ იყალთოელი, ისე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი და მიქაელ ულუმბოელი. აქედან გამომდინარე, ასურელ მამათა რიცხვი, სულ ცოტა, ჩვიდმეტს მაინც აღწევდა.
სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტრის აღმოჩენილ ხელნაწერთა ქართულ კოლექციაში გამოვლინდა კრებული (N/SIN-50), რომელიც ასურელ მამათა შესახებ არსებულ ყველა რედაქციაზე უფრო ძველია (X ს. I ნახევარი). ამ რედაქციის მიხედვით, ცამეტი ასურელი მამა, წმ. იოანე ზედაზნელის მეთაურობით, საქართველოში ჩამოსულა ქ. ურჰადან (ედესიდან). კრებულში იოანე ზედაზნელის მოწაფეთა შორის დასახელებულნი არიან: შიო, დავით, იოსებ, ზენონ, თევდოსიოს, ეზდერიოს, სოლომოზ, თათა, პრობოზ, ვათა, პიმენ და ნათან. ამგვარად, განსხვავებულ ცხრა სახელს ეს ჩამონათვალი კიდევ ოთხს უმატებს, ესენია: ეზდერიოს // ეზეროზ, სოლომოზ // სომლოზ, პრობოზ, ვათა.
ერთი შეხედულების მიხედვით, წმ. იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები 501 წ. მოვიდნენ საქართველოში. არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის თანახმად, ისინი VI ს. სხვადასხვა დროს ჩამოსულან და მხოლოდ შემდეგში გაერთიანებულან. ქართული აგიოგრაფია წმინდა ასურელი მამების ქართლში გამომგზავრების მიზნად ასკეტური, განმარტოებული სულიერი ცხოვრებისაკენ სწრაფვას მიიჩნევს, თანაც საგანგებოდაა აქცენტირებული მათი სულიწმიდის წინამძღვრობით ჩამობრძანება.
როგორც ცნობილია, ასურელ მამათა აღმსარებლობაში პირველად ნ. მარი დაეჭვდა, რომელმაც შესაძლებლად მიიჩნია მათი ნესტორიანობა, მოგვიანებით ამავე პოზიციაზე დადგა პ. ინგოროყვაც. აკად. კორნელი კეკელიძემ წმიდა ასურელ მამათა გამომგზავრება დაუკავშირა იმ დევნა-შევიწროებას, რომელსაც მონოფიზიტები განიცდიდნენ VI ს. სირიაში, ამიტომ, მეცნიერის აზრით, მათი ჩამოსვლის მიზანი იყო თავის გადარჩენა მონოფიზიტთა სასტიკი დევნისაგან, რადგან ასურელი მამები თავადაც მონოფიზიტები იყვნენ და სირიაში აღარ გაეძლებოდათ. მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ასურელი მამები დიოფიზიტები უნდა ყოფილიყვნენ და სწორედ ქალკედონელთა პოზიციების განსამტკიცებლად გამოემგზავრნენ ქართლში. შ. ნუცუბიძე ასურელ მამებს წმ. პეტრე იბერის მიერ სირიაში დაფუძნებულ ქართულ კოლონიას უკავშირებდა. საქართველოს ეკლესიას კი ასურელი მამების მართლმადიდებლობაში ეჭვი არასდროს შეუტანია.
ფიქრობენ, რომ სირიიდან მოსული მოღვაწენი ეროვნებით ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. შ. ნუცუბიძე მათ უწოდებს ქართველებს სირიიდან, პეტრე იბერის მიერ სირიაში დაარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს, ზოგი მეცნიერი ქ. ედესიდან წამოსულ ქართველ მონაზვნებად მიიჩნევს და ა. შ.
წმ. ასურელ მამათა სახელთან დაკავშირებულია საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მისი ორგანიზაციის დამყარება-ჩამოყალიბება; ქართლის ეკლესიის გაძლიერება კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლაში; ინტენსიური მისიონერული საქმიანობა; მძლავრი კულტურული კერების შექმნა; ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება; ბერმონაზვნური ცხოვრების მადლის განფენა და განდეგილობის დამკვიდრება. მათ ქართლ-კახეთში დააფუძნეს მონასტრები: ზედაზენი, შიომღვიმე, დავითგარეჯა, ნეკრესი, მარტყოფი, ალავერდი, წილკანი, იყალთო, სამთავისი, ულუმბო, ბრეთი, ურბნისი, ხირსა, აგრეთვე, – ქაშუეთი და მამადავითი თბილისში, რომელთა დაარსებასაც ტრადიცია დავით გარეჯელს მიაწერს. ასურელ მამათა მოღვაწეობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა მონასტრული ცხოვრების სამივე სახე: მარტმყოფლური, ანაქორეტული (მაგ.: მარტყოფი, და, როგორც ჩანს, თვით ზედაზენიც); „ძმობა", ანუ კინოვია (დავითგარეჯა); ლავრა – ანაქორეტული და კინოვიური ბერმონაზვნობის შერწყმა (მაგალითად, შიომღვიმე).
წმინდა ასურელ მამათა მოღვაწეობამ ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებას წარუშლელი კვალი დააჩნია. ასურეთიდან მათ შემოიტანეს ცოდნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ; მათს სახელთანაა დაკავშირებული უდაბნოთა შინა ქალაქთა ყოფა~, რაც ხელს უწყობდა საქართველოს უდაბურ მხარეთა სამეურნეო ათვისებასა და მთა-ბარის ეკონომიკურ დაკავშირებას; მღვდელმსახურების ქართულ ენაზე აღსრულებასა და, შესაბამისად, ქართული სამწერლობო ენის გავრცელების არეალის გაფართოებას ასურელმა მამებმა პირველებმა დაუდეს სათავე ქართული ფრესკისა და საეკლესიო ხატწერის დიდ ტრადიციას.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |