„მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“ - თხზულება მოგვითხრობს წმ. ასურელი მამის, ნეკრესის ეპისკოპოს აბიბოსის წამების ისტორიას ქართლში გაბატონებულ სპარსელ მაზდეანთა მიერ. ცნობები წმ. აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას წმ. აბიბოს ნეკრესელის შესახებ, რომელიც შედგენილი ყოფილა VI – VII სს., ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა, მას ათარიღებენ VIII (ს. კაკაბაძე, ივ. ჯავახიშვილი), IX (კ. კეკელიძე, ე. გაბიძაშვილი); XII (გ. ფერაძე) საუკუნეებით, ხოლო ვრცელ რედაქციას – IX – X (ი. ჯავახიშვილი), X (ი. აბულაძე, ე. გაბიძაშვილი), XII (კ. კეკელიძე) საუკუნეებით. აღმოჩენილია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერის X ს-ის I ნახევარში გადაწერილი ხელნაწერი წმ. აბიბოს ნეკრესლის მარტვილობისა, რომელიც უფრო მეტ სიახლოვეს „წამების“ ვრცელ რედაქციასთან ავლენს. არსებობს, აგრეთვე, გვიანდელი სვინაქსარული რედაქცია (XVIII ს. ორი ხელნაწერით ცნობილი) და ანტონ I კათალიკოსის მიერ „მარტირიკაში“ შეტანილი მეტაფრასული რედაქცია „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელ-მოწამისა აბიბოს ნეკრეს ქალაქის ეპისკოპოსისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. ცნობები წმ. აბიბოსის შესახებ შემონახულია წმ. შიო მღვიმელის მეტაფრასულ ცხოვრებაშიც. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ X ს-ის მეორე ნახევარში შედგენილი თხზულება „წმიდისა მღდელმოწამისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელი იწამა ცეცხლისმსახურთა მიერ ქართლს, თქმული არსენი დიდისა ქართლისა კათალიკოსისაჲ“.