აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აბა აბბ აბდ აბე აბი აბო აბრ აბუ

„აბოს მარტვილობა“

„წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ჰაბოჲსი“ - თხზულებაში გადმოცემულია სარკინოზი (არაბი) ჭაბუკის, აბოს, საქართველოში ჩამოსვლა, მისი გაქრისტიანება და წამება, ასევე – ქართველთა ცხოვრება არაბთა ბატონობის ხანაში VIII ს. მეორე ნახევარში. ის ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. წმ. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისმთავარს გაჰყვა ხაზარეთში, სადაც მოინათლა. აქედან გადავიდა აფხაზეთში. პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. მას თან გამოჰყვა ნეტარი აბოც. სამი წელი მოღვაწეობდა და ქადაგებდა ქრისტიანობას თბილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ, სტეფანოზ ერისმთავრის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს. თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო. მართლაც, ამირას მსახურებმა შეიპყრესა და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს, მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. წმ. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი დაწვეს, ხოლო ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, მტკვარში ჩაყარეს. წმ. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII ს. მწერალმა იოვანე // იოანე საბანისძემ „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა“. თხზულება დაწერილი უნდა იყოს 786 – 790 წწ-ში (პერიოდი წმ. აბოს სიკვდილიდან სამოელის კათოლიკოსობამდე). ამ თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი თარიღდება X საუკუნით. სავარაუდოდ, იოვანე საბანისძე უნდა იყოს ავტორი საგალობლისა ნეტარი აბოს შესახებ, რომელიც დაცულია ჭილ-ეტრატის იადგარში (IX – X სს.). წმ. აბოს ეძღვნება სამი სვინაქსარული (მოკლე) რედაქცია (XIV, XVII, XVIII სს.), აგრეთვე, – ანტონ კათალიკოსის მიერ დაწერილი „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილისს ვნებულისათა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“ (XVIII ს.).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9