წმ. აშოტ I დიდი, კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809 – 826 წწ; ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი, ტაო-კლარჯეთის სამთავროს ფუძემდებელი. წარმოშობით უძველესი ქართული პროვინციიდან, სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე). სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ. მან მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი, აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და შემდეგ მურვან ყრუსაგან აოხრებული არტანუჯის ციხე, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა, აქვე ააშენა წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია, მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფო“ პერიოდი ეწოდება. ამდენად, 809 წ. მიჩნეულია ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დაფუძნების წლად. აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად. ის არის გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. შერაცხილია წმინდანად.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]