ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. სავარაუდოდ, შეიქმნა V საუკუნეში. აწყურის ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო მონაწილე 506 წ. დვინის საეკლესიო კრებისა, რომელსაც 24 ქართველი მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს (VIII – IX სს.) უკვე არსებობდა აწყურის საეპისკოპოსო ტაძარი. ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც წმ. ანდრია მოციქულს ჩამოუბრძანებია საქართველოში, მასვე აწყურში აუგია ტაძარი, რომელშიც ეს ხატი დაუსვენებია. ხატი აწყურის ღვთისმშობლის სახელით ამიტომაა ცნობილი. გადმოცემით, წმ. ანდრია პირველწოდებულმა აწყურში პირველი საეპისკოპოსო ეკლესია დააარსა. შემდეგში იქ ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი. IX – X სს. კი ძველი ეკლესიის ადგილზე საკმაოდ დიდი ტაძარი აშენდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]