ბაგრატ III ბაგრატიონი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975 – 1014 წწ., ბაგრატიონი, გურგენ მეფეთ-მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. 1008 წ., გურგენის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. მან პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო „საქართველოს“. ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი“. მისი მეფობის პერიოდში აიგო ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წ. დასრულდა. მის სახელთან დაკავშირებული უნდა იყოს არგვეთის მოწამეთა წმ. დავითისა და კონსტანტინეს ნაწილების განსასვენებლად „მოწამეთას“ ეკლესიის აგება.