აბუ ლ-კასიმი // აბულ ყასიმ იუსუფ აბუსაჯის ძე, არაბთა ამირა; შეიპყრო და აწამა წმ. გობრონი. 914 წ. ილაშქრა თბილისში, გადავიდა კახეთში და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. კახეთის შემდეგ ქართლი მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე „მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი“, რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე – ჯავახეთი, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველისციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ. აბულ კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. ამ ისტორიას ვრცლად გადმოგვცემს სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]